Sunday, February 26, 2012

ბუნება,წყლის მიმოქცევა

სახეცვლილი თოვლის პაპა
იყო და არა იყო რა, იყო ერთი თოვლის პაპა. იგი მარტოდმარტო იდგა უკაცრიელ მინდორზე და მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა–ყვავი.ყვავს ყველაზე ძალიან გაზაფხულის შესახებ საუბარი უყვარდა და ისეთი აღტაცებით უყვებოდა თოვლის პაპას მზისა და ყვავილების შესახებ,რომ მანაც დაიწყო წელიწადის ამ მშვენიერ დროზე ფიქრი.
–რა კარგი იქნება გაზაფხულზე ერთად რომ გავისეირნებთ ყვავილების მდელოზე?! ხმამაღლა ოცნებობდა თოვლის პაპა. ყვავს გაეცინა–რა სისულელეა!როგორც კი გაზაფხულდება და მზე გამოანათებს, შენც გადნები და მიწაში ჩაიძირები!
ამის გაგონებაზე თოვლის პაპამ ისე მწარედ დაიწყო ტირილი, რომ ყვავმა გადაწყვიტა მეგობარს დახმარებოდა და გაზაფხულის შესახვედრად გაეშურა– ძალიან შევეხვეწები, იქნებ გაზაფხულმა შეიბრალოს თოვლის პაპა და არ დაადნოსო.
ყვავმა ბევრი იფრინა თუ ცოტა იფრინა, გაზაფხულს შეეგება.მან ტირილით გადასცა თოვლის პაპის თხოვნა მხიარულ გაზაფხულს –ძალიან, ძალიან გეხვეწები, ჩემი მეგობარი თოვლის პაპა არ გაადნო, რა, ძალიან უნდა ყვავილების ველზე გასეირნებაო. გაზაფხულმა ყვავის თხოვნა მოისმინა თუ არა, სიცილით კინაღამ მოკვდა–ვის გაუგია იებისა და ენძელების ველზე თოვლის კაციო, კისკისებდა იგი. შემდეგ დაწყნარდა, დაფიქრდა და გადაწყვიტა ყვავისასთვის ყველაფერი აეხსნა, რათა ის და მისი მეგობარი თოვლის ბაბუ ენუგეშებინა.ბოლოს და ბოლოს გაზაფხული ხომ ყველას ათბობს და ახარებს და მეგობრებს რატომ დაწყვეტდა გულს.
გაზაფხულმა ახსნა დაიწყო: არ იდარდო ჩემო ყვავიკო, თოვლის პაპა თუმცა დადნება, მაგრამ მას შენ კიდევ ბევრჯერ შეხვდები.იგი სამჯერ შეიცვლის სახეს და ბოლოს ისევ დაგიბრუნდება.
პირველად გაზაფხულზე იცვლის სახეს შენი მეგობარი. გადნება და მოჩუხჩუხე ნაკადულს შეუერთდება. ასე იმოგზაურებს ზღვაში და ულამაზეს წყალმცენარეებსა და ფერადფერად თევზებს დაუმეგობრდება.
ოჰოჰ,რა გაუხარდება თოვლის პაპას, წამოიძახა აღტაცებულმა ყვავმა. მოიცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გიამბო, შეაწყვეტინა გაზაფხულმა და მხიარულად განაგრძო თხრობა.
მეორედ ზაფხულში იცვლის სახეს შენი მეგობარი. როცა მზე მაგრად დააცხუნებს, წყალი ცაში აორთქლდება და ფულფულა ღრუბლად გადაიქცევა.მაშინ შეგიძლიათ ერთად იფრინოთ მთებზე და მთელი ქვეყანა ციდან დაათვალიეროთ. ერთხელაც გასუქდება, დამძიმდება ღრუბელი და შხაპუნა წვიმად წამოვა ციდან.
მესამედ ზამთარში იცვლის სახეს შენი მეგობარი. როცა ღრუბელი დამძიმდება, წვიმის ნაცვლად თოვლი მოვა, რადგან წვეთები იყინება და ფიფქებად იქცევა.ითოვებს, ითოვებს და როდესაც მდელო თოვლით დაიფარება, ცელქი ბავშვები მშვენიერ თოვლის პაპას გააკეთებენ.მაშინ კი შეგიძლია ესტუმრო შენს ძველ მეგობარს , რომელიც ძალიან ჭკვიანი იქნება, მას ხომ ამდენი საინტერესო რამ ექნება ნანახი!
ავტორი : ჯეიმს კრუსი
გერმანულიდან თარგმნა: შორენა მიქაბერიძემ

1 comment:

  1. ვფიქრობ საინტერესო საგანმანათლებლო ზღაპარია იმისათვის რომ პატარებს ავუხსნათ წყლის მიმოქცევა ბუნებაში. საინტერესო იქნება თუ მასწავლებელი ჯერ წაუკითხავს ბავშვებს ზღაპარს, შემდეგ აჩვენებს სლაიდშოუს ( რომელსაც ქვემოთ გამოვაქვეყნებ) და მოსწავლეები თვითონ მოყვებიან და ახსნიან მოსმენილი ზღაპრის შინაარსს.გაკვეთილის გასამრავალფეროვნებლად,რეფლექსიის ფაზაში, გამოგვადგება მშვენიერი ქართული ნახატი ფილმი "მე წვიმად მოვალ"

    ReplyDelete