Thursday, March 15, 2012

მოგეხსენებათ,2011წლის ზაფხულში 1:1 ელექტრონული სწავლების პროგრამის ფარგლებში ვატარებდით ტრენინგებს, რომლის მიზანიც იყო, პირველი კლასის პედაგოგების მიერ, ბუკების ტექნიკურად და მეთოდურად გამართული და გამართლებული გამოყენება. პროგრამა გრძელდება სკოლებში კონსულტაციების სახით. უკვე ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩავატარე პირველი კლასის პედაგოგებთან ერთად.დაგვიგროვდა ერთობლივი გამოცდილება, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ:

პატივცემულო კოლეგებო, იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს , გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მეგობრული რეკომენდაციები:
1) აღწერეთ სასწავლო გარემო თემის წარმატებით განხორციელებისათვის.
2) აირჩიეთ სტანდარტი (შედეგი თავისი ინდიკატორით), ისარგებლეთ ბუკის სახელმძღვანელოს დაგეგმვის ცხრილით.
3) თემა უნდა ვითარდებოდეს მარტივიდან რთულისაკენ, ვაჩვენოთ რა იციან მოსწავლეებმა და როგორ აგებენ ახალ ცოდნას.
4) სასწავლო მიზანი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, რას ველით მოსწავლისგან? თავი ავარიდოთ ძალიან ზოგადი მიზნის ფორმულირებას. იგი უნდა იყოს გაზომვადი და შეფასებადი. შედეგის ფორმულირებისათვის გამოიუყენეთ შემდეგი ზმნები: მოსწავლეები-გაიგებენ,ახსნიან, აღწერენ,შეადარებენ, შექმნიან გააანალიზებენ,პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ და ა.შ.
5) აქტივობა უნდა პასუხობდეს კითხვაზე: რას ვაკეთებ? მეთოდი კი- როგორ ვახერხებ ამის გაკეთებას?
6) მიუთითეთ ქცევის წესები გაკვეთილის დაწყებამდე.წესები უნდა იყოს ცოტა (3-4) და დადებითად ფორმულირებული.მაგ. როცა სხვები საუბრობენ, მე ვუსმენ.
7) გაკვეთილზე დროის ეკონომიის მიზნით, შეეცადეთ დასვათ კონკრეტული კითხვები, თავი აარიდეთ ბევრ და ერთმანეთის მსგავს შეკითხვებს( თუ არ არს ამის აუცილებლობა)
8) გამოწვევა უნდა იყოს მიზანმიმართული.
9) თავი აარიდეთ ისეთი აქტივობების გამოყენებას, რომელიც ერთსადაიმავე მიზანს ემსახურება, მაგ. გამოწვევა შემიძლია გავაკეთო ან ასოციოგრამით, ან სლაიდშოუთი ან შესავალი საუბრით და არა ყველაფრით ერთად!
10) სლაიდშოუ არ უნდა იყოს გადატვირთული მსგავსი სურათებით, ყველა სურათი უნდა იყოს მიზანმიმართულად ჩასმული. სასურველია არა მხოლოდ სურათები, არამედ სქემები თვალსაჩინოებისათვის.
11) ძალიან მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი, რათა ცოდნის გამთლიანების ფაზაზე დრო არ დაგაკლდეთ და მაგალითად ბავშვებმა ვეღარ შეძლონ იმის გააზრება- თავმოყრა თუ რა ისწავლეს, ან თავიანთი ნამუშევრის ბუკში შენახვა.
12) წინასწარ არ გაითამაშოთ გაკვეთილი, რათა იგი საინტერესო და ბუნებრივი იყოს ჩვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.
13) ბუკის გამოყენებისათვის გაითვალისწინეთ იმაზე მეტი დრო, ვიდრე თვლით რომ გჭირდებათ.
14) გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკამ შეიძლება“გაჭედოს“, ამიტომ გქონდეთ ალტერნატიული ვარიანტი, რათა არ დაკარგოთ დრო.
15) კლასის მართვის პროგრამა, შესაერთებლები ე.წ. „შტეფცელები“ და ბუკების დამუხტულობა შეამოწმეთ წინასწარ.
16) გაკვეთილის ბოლოს შეიმუშავეთ მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი, რათა კარგად გააანალიზოთ
ა) გაკვეთილის პროცესში რა გამოგივიდათ ყველაზე კარგად ,რა დაგეხმარათ შედეგზე გასასვლელად;
ბ)რამ დაგაბრკოლათ, რისი გაუმჯობესებაა სასურველი;
გ) რაში დაგეხმარათ ტრენერ-კონსულტანტთან თანამშრომლობა.

პ.ს. იმედია ჩვენი თანამშრომლობა სასიამოვნო და ეფექტური იქნება, როგორც ჩვენთვის ისე ჩვენი პატარებისათვის.

პატივისცემით
ისტ ტრენერ-კონსულტანტი
შორენა მიქაბერიძე

No comments:

Post a Comment