Thursday, March 15, 2012

რუსთავის კარგად დავიწყებული ძველი ისტორია


რუსთავის ტერიტორიაზე ადამინი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი.
 უფრო დიდი დასახლებები ჩნდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა ამ პერიოდის რამდენიმე მსხვილი დასახლება. რკინისა და ბრინჯაოს ხანაში რუსთაველებს მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბოსტნეული, მისდევდნენ მევენახეობას, მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას. განვითარებული იყო მეთუნეობა. განსაკუთრებით დახელოვნებულნი იყვნენ ბრინჯაოსა და რკინის წარმოებაში.
 რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქართლის ცხოვრების უძველესი ავტორი ლეონტი მროველი ქალაქ რუსთავის მშენებლობას ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს: „ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი.“ მანვე სიკვდილის შემდეგ მამული გაუნაწილა შვილებს: მცხეთოსს, გარდაბოსს, კუხოსს, კახოსს, გაჩიოსს. კუხოსს კი წილად ხვდა კუხეთი და ქალაქი რუსთავი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს არქეოლოგიური მონაცემები, რომლის თანახმად, რუსთავში ბრინჯაოს ხანაში ძლიერი სამოსახლო არსებობდა .
 რუსთავის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ად , რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს.
 IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ.
 სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს . ამ სახელის დასახლება დღესაც არსებობს რუსთავის მახლობლად.

1 comment:

  1. რუთავის ისტორიაზე პროექტი მოამზადა რუსთავის #28 საჯარო სკოლის პედაგოგმა ელისო ბუთიაშვილმა. პროექტი ბევრ საინტერესო აქტივობას ითვალისწინებდა, მაგალითად მხარედმცოდნეობის მუზეუმისა და ქალაქის სიძველეების დათვალიერებას. სულ მესმოდა, რომ რუსთავი 50წლისაა(ეს ამბავი მხოლოდ ქალაქის ინდუსტრიულ ნაწილს ეხება). იმ ამბავზე, რომ ჩვენი სახლების ქვეშ საინტერესო ისტორია იმალება ჩემმა პედაგოგმა დამაფიქრა და გამოგიტყდებიოთ გამაამაყა და გამახარა...

    ReplyDelete